---
title: "მუხლი 16. ქვითრის მომზადება და მიწოდება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/16"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "16"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. ქვითრის მომზადება და მიწოდება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/16

1. ქვითრის მომზადებასა და მომხმარებლისთვის მის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს მესამე პირთან, მათ შორის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან შესაბამისი ხელშეკრულების დადების საფუძველზე.

1¹. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს კომისიის მიერ განსაზღვრულ ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ადმინისტრატორს (შემდგომში – ადმინისტრატორი), იგი ვალდებულია, უზრუნველყოს ადმინისტრატორთან შესაბამისი მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების დადება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების დადების დროს მოითხოვოს ქვითრის მიღება მატერიალური, ელექტრონული ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით; აგრეთვე, მიწოდების ხელშეკრულების დადების ან, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, უნივერსალური მიწოდების ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებაზე ავტომატურად მიერთების შემდგომ, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს ქვითრის მიღება ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახითა და საშუალებით.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, აღრიცხვის ერთი კვანძისთვის მოამზადოს ერთი ქვითარი. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძისთვის ერთი ქვითრის მომზადება.

4. მატერიალური ფორმით მომზადებული ქვითრის მიწოდება ხორციელდება  მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ან მიწოდების მისამართზე, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ელექტრონული ქვითრის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ხოლო მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ქვითრის მიწოდება – მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

5. თუ მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ იქნა მოთხოვნილი ქვითრის მიწოდება და მიმწოდებლისათვის ცნობილია მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, მიმწოდებელი უზრუნველყოფს ქვითრის მიწოდებას მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. თუ მიმწოდებლისათვის ცნობილი არ არის მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, მომხმარებელს ქვითარი უნდა მიეწოდოს მატერიალური ფორმით, მიწოდების მისამართზე.

6. მიმწოდებელი უფლებამოსილია, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით უნივერსალური მიწოდების ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებაზე ავტომატურად მიერთებულ მომხმარებლებს ქვითარი გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, ხოლო თუ ტელეფონის ნომერი არ არის ცნობილი – მატერიალური ფორმით, მიწოდების მისამართზე.

7. მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის ან მისი მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებული ქვითრის მიწოდება უზრუნველყოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტიდან ან მისი მოქმედების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 კვირის განმავლობაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.06.2021 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/17.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
