---
title: "მუხლი 18. მომსახურების საფასურის გადახდა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/18"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "18"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 18. მომსახურების საფასურის გადახდა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/18

1. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, კომერციული ბანკის, სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ან სხვა საშუალებით, რომელთაგან, სულ მცირე, ერთი მაინც უნდა იძლეოდეს საკომისიოს გარეშე გადახდის შესაძლებლობას.

2. მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თავისუფალი მიმწოდებელი და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, გარდა მცირე საწარმოსი, უფლებამოსილი არიან, მიწოდების ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მომსახურების საფასურის გადახდის სხვა ვადაზე. ამ შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

3. (ამოღებულია - 25.11.20 21 №52).

4. მომხმარებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილ ვადაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან  ქვითარი.

5. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის დადგომამდე მიიღოს დამატებითი გონივრული ზომები მომხმარებლის გასაფრთხილებლად.

6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ქვითარში მითითებული ვადის დაცვით,  მიმწოდებელი ვალდებულია, გადახდის ბოლო ვადის მომდევნო დღეს გააფრთხილოს მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით და განუსაზღვროს მას მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს გადახდის ბოლო ვადიდან 1 კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა დაუშვებელია, თუ მომსახურების საფასურის ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები.

7. (ამოღებულია - 25.11.20 21 №52).

8. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ მიმწოდებლისთვის ცნობილია, რომ მიწოდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება ან/და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს, მიმწოდებელი ვალდებულია,მომხმარებელს განუსაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი, გონივრული ვადა.

9. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სრულად არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ან მიმწოდებელი და მომხმარებელი არ შეთანხმდებიან ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად ვალდებულების ეტაპობრივ შესრულებაზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამის სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ამ მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტა. ამ პუნქტის მიზნებისთვის, გადახდა ჩაითვლება სრულად, თუ მომსახურების საფასურის ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები.

10. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაუროს ამ წესების 24-ე მუხლით გათვალისწინებული დეპოზიტის მეშვეობით.

11. მომხმარებელს უფლება აქვს, წინსწრებით გადაიხადოს მომსახურების საფასური. მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც აღემატება ქვითარში მითითებულ მომსახურების საფასურს, აისახება მომხმარებლის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით და მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული იქნება მომდევნო დარიცხვის პერიოდის/პერიოდებისთვის მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად. მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის დაბრუნება მიმწოდებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

12. ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებები და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ეფუძნება ადმინისტრირების ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

13. მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებულ ვადაში მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნით ან/და საკუთარი ინიციატივით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაეთანხმება გადახდის ეტაპობრივ გეგმას, იგი ვალდებულია, შეასრულოს მისგან გამომდინარე ვალდებულებები.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპობრივი გეგმა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:
ა) გადასახდელ თანხას;
ბ) გადახდის პერიოდულობას;
გ) შენატანის რაოდენობას თითოეული პერიოდისთვის;
დ) დათქმას მომსახურების საფასურის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაუშვებლობის თაობაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №73  - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 21 აპრილის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/19.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
