---
title: "მუხლი 22. მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/22"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "22"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 22. მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/22

1. მიმწოდებელს უფლება აქვს, უარი თქვას მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე ან შესაბამის სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტა:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში;
ბ) თუ  მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა;
გ) ამ წესების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიწოდების წყვეტადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით და წესით;
დ) მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის გამო, მათ შორის, ამ წესების მე-8 მუხლის 6 1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

2. თუ მიწოდება ხორციელდება ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის მეშვეობით, ამ წესების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადებული მიწოდების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მიმწოდებლის უფლებას, მომხმარებლის მიერ ერთი აღრიცხვის კვანძის ჩვენების საფუძველზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუწყვიტოს მომხმარებელს მიწოდება სხვა აღრიცხვის კვანძზე/კვანძებზე.

3. მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მიწოდების შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საფუძველზე მითითებას, აგრეთვე, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობის შესახებ დათქმას:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას – თვითმმართველ ქალაქებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს – სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში;
გ) კალენდარული თვის 16 რიცხვამდე – იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს;
დ) კალენდარული თვის 22 რიცხვამდე – ამ წესების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის;
ე) 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში.

4. დაუშვებელია მიწოდების შეწყვეტა შემდეგ შემთხვევებში:
ა)  მომსახურების საფასურის არასრულად გადახდისას, თუ მომსახურების საფასურის სრულ ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები;
ბ) თუ მომხმარებელს დარიცხული მომსახურების საფასურის თაობაზე მიმწოდებლისთვის წარდგენილი აქვს პრეტენზია და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული არ არის შესაბამისი გადაწყვეტილება, გარდა მიმდინარე პერიოდზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევისა;
გ) თუ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, აინაზღაუროს მომსახურების საფასური მომხმარებლის მიერ ამ წესების 24-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეპოზიტი წარდგენილია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ან ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით;
დ) ერთ მიწოდების მისამართზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო – მეორე მიწოდების მისამართზე;
ე) ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში – ერთ აღრიცხვის კვანძზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო – სხვა აღრიცხვის კვანძზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ვ) კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდების აღდგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრიდან ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადებიდან არაუგვიანეს 5 საათისა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის აღმოფხვრა ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადება განხორციელდა:
ა) 09:00-დან – 16:00 საათამდე პერიოდში, ხოლო შაბათ-კვირას – 09:00-დან – 14:00 საათამდე პერიოდში;
ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე.

6. მიწოდება უნდა აღდგეს  მომდევნო კალენდარული დღის 12:00 საათამდე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრა ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადება განხორციელდა:
ა) 16:00 საათის შემდეგ, ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ;
ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/23.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
