---
title: "მუხლი 24. დეპოზიტი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/24"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "24"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 24. დეპოზიტი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/24

1. მიმწოდებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომხმარებელს დეპოზიტის წარდგენა შემდეგ შემთხვევებში:
ა) მომხმარებელი დროებით სარგებლობს უძრავი ქონებით ან მისი ნაწილით;
ბ) მომხმარებელმა 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მომსახურების საფასური;
გ) მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;
დ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს, ამასთან:
დ.ა) მომხმარებელს არ გააჩნია ქონება, რომელიც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაექვემდებაროს იძულებით აღსრულებას მიმწოდებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით; ან
დ.ბ) მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქონება უფლებრივად დატვირთულია, რაც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ქმნის მიმწოდებლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ვარაუდის საფუძველს.

1¹. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციისა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, დეპოზიტის დასაბუთებული მოთხოვნა ასახოს ქვითარში, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომხმარებლის მიერ 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში მომსახურების საფასურის გადახდის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს აცნობოს მომსახურების საფასურის გადახდის ვადის მესამედ დარღვევისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ;
ბ) მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელმა, მიწოდების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ, მომხმარებელს უნდა აცნობოს მომსახურების საფასურის 5 ან მეტი თვის  განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებლისთვის წარდგენილი დეპოზიტის სახით წარდგენილი თანხა საბანკო გარანტიით ან საბანკო გარანტიის სანაცვლოდ მიმწოდებელს წარუდგინოს თანხა.

4. საყოფაცხოვრებო მომხმარებლისაგან დეპოზიტის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად, ამ წესების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაურა წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, იგი უფლებამოსილია, მომხმარებელს ხელახლა მოსთხოვოს იმავე ოდენობის დეპოზიტი მომდევნო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებულ ქვითარში ასახვის გზით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოთხოვნილი დეპოზიტი და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს მიწოდების შეწყვეტა ამ წესების 22-ე მუხლის შესაბამისად.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე 6 კვირით ადრე, აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს მოთხოვნილი თანხა მიმწოდებლის ანგარიშზე.

6. დეპოზიტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელზე ბოლო 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობას, რომელიც გამოითვლება 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის გაყოფით თვეების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ მიწოდების მომსახურების მიღების დაწყებიდან დეპოზიტის მოთხოვნამდე გასული არ არის 12 თვე, დეპოზიტის ოდენობა იმავე წესით გამოითვლება მიწოდების დაწყებიდან მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნამდე პერიოდისთვის.

7. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით ფლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დეპოზიტი მოსთხოვოს მიწოდების დაწყებამდე, საშუალო თვიური მოხმარების პროგნოზის მიხედვით, არსებული დანადგარების წარმადობისა და სეზონურობის გათვალისწინებით, ან მიწოდების დაწყებიდან პირველი დარიცხვის პერიოდის გასვლის შემდეგ, დარიცხული მომსახურების საფასურის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიწოდების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის იმ თვეების რაოდენობაზე გაყოფით, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება.

7¹. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპოზიტის გაანგარიშებისთვის საჭირო ინფორმაციას მიმწოდებელს, მოთხოვნის შესაბამისად, მიაწვდის სისტემის ოპერატორი.

8. მიმწოდებელი ვალდებულია, დეპოზიტის წარდგენიდან ყოველი 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ხელახლა გაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა გასული 12 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის გაყოფით თვეების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაანგარიშების შედეგად, მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო თვიური ოდენობა შემცირებულია, მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისად შეამციროს მოთხოვნილი დეპოზიტის ოდენობა და სხვაობა თავდაპირველად მოთხოვნილსა და შემცირებულ ოდენობას შორის, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ასახოს მის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ან უზრუნველყოს შესაბამისი თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა; თუ დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო ოდენობა გაზრდილია – მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ წესებით დადგენილი წესით, მომხმარებელს მოსთხოვოს გაზრდილი დეპოზიტის წარდგენა.

10. მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპოზიტის წარდგენიდან ყოველი 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, განმეორებით შეაფასოს დეპოზიტის მოთხოვნის მიზანშეწონილობა და, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნოს წარდგენილი დეპოზიტი მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უარი თქვას მომხმარებლის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე.

11. დეპოზიტი 10 დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მიმწოდებელმა უარი უნდა თქვას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე, თუ:
ა) მიწოდების ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა ან მისი მოქმედების ვადა ამოიწურა და საბოლოო ანგარიშსწორებისას მომხმარებელმა მომსახურების საფასური სრულად დაფარა;
ბ) მომხმარებელი ბოლო 12 თვის განმავლობაში მომსახურების საფასურს იხდიდა ამ წესებით დადგენილ ვადაში – თუ დეპოზიტი მოთხოვნილი იყო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით;
გ) აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძველი.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი ასახოს მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით, ამ წესების მე-18 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ მომხმარებელი მოითხოვს დეპოზიტის დაბრუნებას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული უზრუნველყოს მომხმარებლის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №73  - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №62 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/25.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
