---
title: "მუხლი 28. უნივერსალური მომსახურების მიწოდების პირობები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/28"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "28"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 28. უნივერსალური მომსახურების მიწოდების პირობები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/28

1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მომსახურებას ამ წესების II თავის დებულებების შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. უნივერსალური მომსახურების ერთ არეალში არსებულ იმ მომხმარებლებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ უნივერსალური მომსახურება, ელექტროენერგია შეიძლება მიაწოდოს მხოლოდ ერთმა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაეკისრა შესაბამის არეალში უნივერსალური მომსახურების მიწოდების ვალდებულება.

3. უნივერსალური მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა ან/და მცირე საწარმომ, რომელსაც სურს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომსახურებით სარგებლობა და შესაბამისი განაცხადით (მათ შორის, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადით) მიმართავს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს.

4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი:
ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლისთვის;
ბ) კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც იღებენ უნივერსალურ მომსახურებას, არ ჰქონდეს მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები;
გ) ასრულებს ამ წესებით მიმწოდებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) შესაბამის შემთხვევაში იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით.

5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უნივერსალური მომსახურების მიწოდების  არეალში არსებულ:
ა.ა) ყველა თვითმმართველ ქალაქში იქონიოს, სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი;
ა.ბ) რეგიონში/მხარეში იქონიოს არანაკლებ ორი მომსახურების ცენტრი მომხმარებელთა განთავსებისა და მიმართვიანობის გათვალისწინებით;
ბ) თავის ვებგვერდზე განათავსოს ამ წესების მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია; აგრეთვე, ინფორმაცია არსებული თავისუფალი მიმწოდებლების თაობაზე, მათ შორის, კომისიის ვებგვერდის შესაბამის ბმულზე მითითებით.

6. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს წერილობით მოსთხოვოს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემების განახლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 1 თვეს. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაციის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე აღნიშნულის თაობაზე გააფრთხილოს მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, ან, თუ მომხმარებლის ტელეფონის ნომერი მიმწოდებლისათვის ცნობილი არ არის – წერილობით. მომხმარებელი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით, მიაწოდოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს მოთხოვნილი ინფორმაცია.
6 ​1 . თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი არ იყენებს ამ წესების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას და  საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობის შემთხვევაში, არ წარუდგენს შესაბამის სისტემის ოპერატორს მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნას, კომისია უფლებამოსილია, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განსაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა, ამ წესების მე-18 მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადას.

7. თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ამავდროულად არის თავისუფალი მიმწოდებელი, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს არ გააჩნდეთ წვდომა უნივერსალური მომსახურების მიმღები მომხმარებლების მონაცემებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.04.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №73  - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 21 აპრილის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/29.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
