---
title: "მუხლი 40. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/40"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "40"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 40. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/40

1. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის მიმდინარეობისას არსებულ მიმწოდებელს, ახალ მიმწოდებელს, შესაბამის სისტემის ოპერატორსა და კომისიას შორის ურთიერთობა ხორციელდება სპეციალური ელექტრონული სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომლის მისამართი უნდა განთავსდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისა და მიმწოდებლის ვებგვერდებზე.

2. ახალი მიმწოდებელი ამოწმებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ამ წესების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან  შესაბამისობას და მასში მოცემული ინფორმაციის სისწორეს. ამ მიზნით, ახალი მიმწოდებელი გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან.

3. თუ ახალი მიმწოდებელი   მიიჩნევს,   რომ   განაცხადი არ შეესაბამება ამ წესების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს ან შეიცავს არასწორ ინფორმაციას, ამის თაობაზე აცნობებს მომხმარებელს განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ უნდა იყოს ორ დღეზე ნაკლები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე, მიმწოდებლის შეცვლის ვადის დინება ჩერდება.

4. ახალი მიმწოდებელი წყვეტს განაცხადის განხილვას, თუ მომხმარებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, რის შესახებაც აცნობებს მომხმარებელს. მომხმარებელი უფლებამოსილია, ახალი განაცხადით ხელახლა მიმართოს ახალ მიმწოდებელს.

5. მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის წარდგენიდან, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრიდან ორი დღის ვადაში, ახალი მიმწოდებელი:
ა) შესაბამის სისტემის ოპერატორს უგზავნის მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს;
ბ) მომხმარებლის არსებულ მიმწოდებელს უგზავნის ინფორმაციას მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის დაწყების თაობაზე, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და შესაბამისი აბონენტის ნომრის მითითებით.

6. თუ ახალი მიმწოდებელი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის გაგზავნიდან სამი დღის ვადაში არ მიიღებს უარს მიმწოდებლის შეცვლაზე ამ წესების 41-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, იგი განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს.

7. თუ სისტემის ოპერატორი სხვადასხვა ახალი მიმწოდებლისაგან მიიღებს ინფორმაციას ერთი და იმავე მომხმარებლის მიერ (გარდა მსხვილი მომხმარებლისა) ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე/ობიექტზე მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის წარდგენის თაობაზე, იგი შესაბამის შეტყობინებას უგზავნის იმ ახალ მიმწოდებელს, რომელსაც უფრო ადრე წარედგინა განაცხადი, რაც უფრო ადრე წარდგენილი განაცხადის განხილვის შეწყვეტის საფუძველია. უფრო გვიან წარდგენილი განაცხადი განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე ამ წესების 41-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით უარის მიღების შემთხვევაში, ახალი მიმწოდებელი, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს კომისიას, სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის ვადის დინება ჩერდება.

9. კომისია, მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე უარის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეისწავლის უარის მიზეზს და იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და აცნობებს ახალ მიმწოდებელს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს. კომისიის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა წყდება, ხოლო მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ახალი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის ვადის დინება განახლდება.

10. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმწოდებლის შეცვლის ან ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების დღეს, რომელიც მითითებულია მიმწოდებლის შეცვლის განაცხადში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას.

10¹. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის შეცვლის ან ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების დღე არ ემთხვევა კომისიის მიერ დამტკიცებული გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, სისტემის ოპერატორისთვის განსაზღვრულ მრიცხველების წაკითხვის პერიოდს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მრიცხველის მომდევნო წაკითხვა უზრუნველყოს  გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ პერიოდში. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია მომხმარებლისათვის ქვითრის მიწოდება ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის (პერიოდულობის) დაუცველად.

11. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა სრულდება ამ მუხლის მე-6 ან მე-9 პუნქტის შესაბამისად ახალი მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის, არსებული მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინების გაგზავნისთანავე. მიმწოდებლის შეცვლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის მიღებიდან სამ კვირას.

12. მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მიმწოდებლის შეცვლაზე ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის დასრულებამდე და მოითხოვოს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის განხილვის შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, მომხმარებელს დაეკისროს პირგასამტეხლო ან რაიმე სხვა სახის გადასახდელი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 04.02.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/41.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
