---
title: "მუხლი 43. ამ წესების ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების წესი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/43"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "43"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 43. ამ წესების ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების წესი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/43

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატთან რეგისტრირებულ მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, უზრუნველყოს კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით საბოლოო დარიცხვის პერიოდზე მომზადებული ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდება, მიწოდების, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებიდან 6 კვირის ვადაში;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საბოლოო დარიცხვის პერიოდზე მომზადებული ქვითრის საფუძველზე ანგარიშსწორებიდან 10 დღის ვადაში:
ბ.ა) უზრუნველყოს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტის გადაცემა შესაბამისი მიმწოდებლისათვის ან უარი განაცხადოს მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისათვის წარდგენილი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე და ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე აცნობოს მომხმარებელს;
ბ.ბ) უზრუნველყოს მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით არსებული თანხის გადაცემა შესაბამისი მიმწოდებლისთვის, მომდევნო დარიცხვის პერიოდზე/პერიოდებზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გასათვალისწინებლად.

2. 2021 წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში, აგრეთვე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 2021 წლის 25 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, ხოლო ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ – 2022 წლის 1 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვა და შესაბამისი დარიცხვის განხორციელება დასაშვებია ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის (პერიოდულობის) დაუცველად.

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, თუ არ არსებობს დეპოზიტის წარდგენის ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს და მოითხოვოს დეპოზიტის დაბრუნება. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დეპოზიტის შენახვა მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენამდე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ მოითხოვს დეპოზიტის დაბრუნებას მომდევნო ანგარიშსწორებამდე, მიმწოდებელი უზრუნველყოფს დეპოზიტის ასახვას მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით და გაითვალისწინებს მომდევნო ანგარიშსწორებისას. მომხმარებელი უფლებამოსილია, შესაბამის მიმწოდებელს მოსთხოვოს ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის დაბრუნება ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით.

4. თუ ამ წესების ამოქმედებამდე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს მის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებულ პირებთან დადებული აქვს დავალიანების განაწილვადების ხელშეკრულება, იგი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) უფლებამოსილია, მიმწოდებელს, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და მოსთხოვოს ამ  ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ყოველთვიური თანხის ქვითარში ასახვა, გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავალიანებისა.

5. თუ ამ წესების ამოქმედებამდე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ახორციელებდა მომხმარებლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდზე დაკვირვებას კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, იგი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) უფლებამოსილია, დაასრულოს დაკვირვება ამ წესების ამოქმედების შემდეგ, წარუდგინოს მიმწოდებელს სათანადო ინფორმაცია და მოსთხოვოს შესაბამისი თანხის ქვითარში ასახვა.

6. მიმწოდებელი, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის სათანადოდ იდენტიფიცირება და შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის ანაზღაურება.

7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს მიწოდება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქვითარში ასახული თანხის მომხმარებლის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში – თუ მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი თანხა ან/და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის წარდგენილი დეპოზიტი არ არის საკმარისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;
ბ) ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 პუნქტის შესაბამისად ქვითარში ასახული თანხის მომხმარებლის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.06.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/44.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
