---
title: "მუხლი 45¹. ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/45-1"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "45^1"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 45¹. ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 45¹ (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/45-1

1. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელზე/მომხმარებელთა ჯგუფზე (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – მომხმარებელი), რომელიც გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით ამავე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში პიკური დატვირთვის 20 პროცენტის ათვისების შემდეგ.

2. მომხმარებელი ვალდებულია გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია გაყიდოს მიმწოდებელზე.

3. თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, ხოლო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია შეისყიდოს მომხმარებლის/მომხმარებელთა ჯგუფის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

4. თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია შეისყიდოს იმ მომხმარებლის/მომხმარებელთა ჯგუფის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია, რომელსაც უწევს მიწოდების მომსახურებას. ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვის ფასს, მათ შორის, ხელშეკრულების პირობებს მიმწოდებელი განსაზღვრავს ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული საჯარო შეთავაზებით. თუ მიწოდების ხელშეკრულება სხვას რამეს არ ითვალისწინებს თავისუფალმა მიმწოდებელმა ანგარიშსწორებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ შესყიდული ელექტროენერგია გამოიყენება იმავე პერიოდში ამ მიმწოდებლის პორტფელში არსებული სხვა საბოლოო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის დასაფარად.

6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებულია მიწოდების ხელშეკრულება, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ასეთი მომხმარებლის მიერ გამომუშავებულ და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიას შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება ანგარიშსწორების შემდეგი პირობები:
ა) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება აღემატება იმავე დარიცხვის პერიოდში მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების საფასურს, სხვაობა აისახება მომდევნო თვის ქვითარში, დადებითი ბალანსის სახით. დადებითი ბალანსი გამოიყენება  მომდევნო დარიცხვის პერიოდის/პერიოდების მომსახურების საფასურის დასაფარად;
ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხა ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება ნაკლებია იმავე დარიცხვის პერიოდში მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების საფასურზე, სხვაობას მომხმარებელი აანაზღაურებს მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად.

8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებლისგან გამანაწილებელ ქსელში მიღებული და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საფასური აუნაზღაუროს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ფასით. ამ მოქმედებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ანაზღაურებს იმ ჭარბი ელექტროენერგიის ღირებულებას, რომელიც მან გამანაწილებელ ქსელში გასულ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან მიიღო და შეიმცირა დანაკარგი.

9. მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფლობის/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ და  გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის „2​ 1 “ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილებული კილოვატსაათებით და ამ მუხლის პირობებით.

10. თუ მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას:
ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ წესების მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე;
ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სრულად შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით. ამ მიზნით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ბ.ა) მომხმარებელს ქვითრის მეშვეობით წარუდგინოს ამ წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიაზე;
ბ.ბ) ქვითრის გაგზავნასთან ერთად მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხოს შესყიდული ელექტროენერგიის საფასური;
გ) თავისუფალი მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულების დადებიდან 5 სამუშაო დღეში, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს მიაწოდოს მომხმარებლის საბანკო ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულებით არ აქვს წარდგენილი საბანკო ანგარიში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში ჩარიცხავს შესყიდული ელექტროენერგიის საფასურს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, არაუგვიანეს დარიცხვის პერიოდის დასრულებიდან 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ელექტროენერგია გაითვალისწინება შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლებისგან ჯამურად შესყიდული ჭარბი ელექტროენერგიის რაოდენობაში.

12. მომხმარებელი უფლებამოსილია ყოველი წლის დეკემბერში მოითხოვოს ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის თავის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა 10 დეკემბრამდე უნდა მიმართოს მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია დარიცხვის პერიოდის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დააკმაყოფილოს მოთხოვნა ან დასაბუთებული უარი აცნობოს მომხმარებელს. ასეთი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახულ თანხას მიმწოდებელი გამოიყენებს მომდევნო დარიცხვის პერიოდის/პერიოდების მომსახურების საფასურის დასაფარად.

13. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის, მისი მოქმედების ვადის გასვლის ან უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახულ თანხას მიმწოდებელი გამოიყენებს მიწოდების მომსახურების საფასურის დასაფარად, ხოლო დარჩენილი დადებითი ნაშთი მომხმარებელს უბრუნდება თავის საბანკო ანგარიშზე, ამ წესების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებული ქვითრის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღეში.

14. ამ წესების შესაბამისად, ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომისას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი შეისყიდის მომხმარებლის მიერ გამომუშავებულ და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიას ამ მუხლით გათვალისწინებული ფასით და პირობებით.

15. მიმწოდებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელთა ჯგუფს შორის ურთიერთობის სხვა პირობები განისაზღვრება ამ წესების 31-ე მუხლით.

16. ამ მუხლის მე-12-მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის/შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის დაბრუნება ხდება მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებით წარდგენილ საბანკო ანგარიშზე. თუ მიწოდების ხელშეკრულებით მომხმარებელს არ აქვს წარდგენილი საბანკო ანგარიში, ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხა მომხმარებელს უბრუნდება მის მიერ საბანკო ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/45-2.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
