---
title: "მუხლი 9. მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის წესი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/9"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "9"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის წესი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/9

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების პირობები ცალმხრივად შეცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული მიწოდების ხელშეკრულებაში.

2. თუ მიწოდების ხელშეკრულებით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის გათვალისწინებული, მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაცია მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის თაობაზე მომხმარებელს აცნობოს ერთი თვით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. თუ მომხმარებელი მიწოდების ხელშეკრულების პირობების ცვლილების თაობაზე ერთი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებს უარს, ხელშეკრულება გაგრძელდება შეცვლილი პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომხმარებელს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობების მიღებაზე და შეცვალოს მიმწოდებელი ამ წესების V თავით დადგენილი წესით.

4. მომხმარებელი მიწოდების ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის, აგრეთვე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – პირგასამტეხლოს ოდენობის შეცვლის თაობაზე თავისუფალ მიმწოდებელს თანხმობას წარუდგენს წერილობით, რაც მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობით გაგრძელების წინაპირობაა. მომხმარებლის მიერ წერილობითი თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევაში, თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით, მიწოდების შეწყვეტის საფუძვლის მითითებით.

5. თუ მიწოდების ხელშეკრულების პირობების ცვლილება გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით, მათ შორის, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ცვლილებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ამის შესახებ მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღისა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.06.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/10.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
