---
title: "მუხლი 10. დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/10"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/10

1. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და რომელიც გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, ამ მუხლითა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ დავაზე, რომელსაც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არბიტრაჟი განიხილავს.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავას განიხილავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო.

4. გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შესაბამის შეტყობინებას უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნული დავის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება მხარისთვის მისი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო მისი წარმოებაში მიღების შემთხვევაში − 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება მხარისთვის მისი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გასაჩივრდეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო მისი წარმოებაში მიღების შემთხვევაში − 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/11.md
