---
title: "მუხლი 106. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/106"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "106"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 106. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 106 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/106

1. გაკოტრების საქმის წარმოება ფაქტობრივად სრულდება გაკოტრების მმართველის მიერ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით ამონაგები თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

2. გაკოტრების რეჟიმი შეწყდება, თუ სასამართლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად გააუქმებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას.

3. ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 დღისა, ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს და მას კრედიტორებსა და სასამართლოს წარუდგენს. აღნიშნული ანგარიში უნდა შეიცავდეს შესაბამისი გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში კანონით დადგენილი მიზნების მიღწევის დასაბუთებას.

4. გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონება მოქმედი საწარმოს სახით გაიყიდა და მისი შემძენი საწარმოს პარტნიორად დარეგისტრირდა. ამ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

5. თუ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა ისეთი ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნოდა და რომლის შესახებ მანამდე ცნობილი არ იყო, სასამართლო ამის თაობაზე აცნობებს ყველა კრედიტორს, რომელთა მოთხოვნებიც გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში სრულად არ დაკმაყოფილებულა, ხოლო თუ ინფორმაციის ყველა კრედიტორისთვის მიწოდება შეუძლებელია ან მათი რაოდენობა 15-ს აღემატება, სასამართლო ამ ინფორმაციას ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც სრულად არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან/გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის მოთხოვნით. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ქონების ამ კანონის 102-ე მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციას. ამ ქონების რეალიზაციით მიღებულ თანხას სასამართლო გაანაწილებს იმ კრედიტორებზე, რომლებმაც დადგენილ ვადაში წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, მათი რიგითობის შესაბამისად. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ან ქონება აუქციონზე არ გაიყიდება ან კრედიტორი უარს იტყვის ქონების ნატურით მიღებაზე, ეს ქონება მოვალის პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად განაწილდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/105.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/107.md
