---
title: "მუხლი 11. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/11"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/11

1. ამ კანონის შესაბამისად მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროფესიული წრეების წარმომადგენელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი.

3. ამ კანონის მიზნებისთვის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ − იუსტიციის მინისტრი) უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა კატეგორიები, რომლებიც დაშვებული იქნებიან სხვადასხვა ტიპის გადახდისუუნარობის საქმეებზე, მათი სირთულის გათვალისწინებით.

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების წესსა და პირობებს, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

5. გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეირჩევა ავტომატურად, მისი შესარჩევი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

7. მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შესარჩევი ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მისი შესარჩევი ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით შერჩევა, რაც გულისხმობს შესაბამისი განცხადების სასამართლოში შეტანის რიგითობის მიხედვით და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანბანური თანამიმდევრობით შერჩევას.

8. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ერთზე მეტი მმართველის დანიშვნის საჭიროება, თუ ეს გამომდინარეობს საქმის სირთულიდან და მოვალის წლიური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აღემატება.

9. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია მოვალისთვის, კრედიტორისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად კანონით დადგენილი წესით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/12.md
