---
title: "მუხლი 19. ელექტრონული სისტემა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/19"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ელექტრონული სისტემა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/19

1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების ელექტრონული საშუალებებით შესრულებას, მათ შორის, შესაბამისი განცხადების შეტანას, ინფორმაციის გამოქვეყნებასა და ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს შორის გაცვლას.

2. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველა განჩინება გამოტანიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება აგრეთვე კრედიტორთა კრების, კრედიტორთა კომიტეტის, მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის გადაწყვეტილებები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება მის ოფიციალურ გამოქვეყნებად მიიჩნევა. ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილებით განჩინება/გადაწყვეტილება დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე ან ბეჭდვით ორგანოებში, მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში.

3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ადრესატისთვის ჩაბარებულად/შესაბამისი ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება მისი ელექტრონულ სისტემაში განთავსების მომენტიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/20.md
