---
title: "მუხლი 21. რეგულირებული შეთანხმების არსი — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/21"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. რეგულირებული შეთანხმების არსი — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/21

1. რეგულირებული შეთანხმება არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალესა და კრედიტორებს შორის ამ კანონით დადგენილი წესით მიღწეული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც თითოეული კრედიტორი მინიმუმ იმდენს მიიღებს, რამდენსაც მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში სხვაგვარ დაკმაყოფილებაზე თანახმაა.

2. რეგულირებული შეთანხმების მიზანია მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, შენარჩუნება, რაც გამორიცხავს ამ შეთანხმების ფარგლებში მის ლიკვიდაციას.

3. რეგულირებული შეთანხმება შეიძლება დაიდოს და შესრულდეს მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მონაწილეობით.

4. რეგულირებული შეთანხმების დასადებად წარმართული მოლაპარაკების პერიოდზე არაუმეტეს 2 თვის ვადით ვრცელდება ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. მოვალე უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესებით არ გამოიყენოს მორატორიუმი.

5. რეგულირებული შეთანხმების დასადებად სავალდებულო არ არის შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
ა) ქონებრივი სიკეთის/სარგებლის განაწილებისას არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ჯგუფში პროპორციულობის პრინციპის დაცვა იმ არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მიმართ, რომელმაც მხარი დაუჭირა რეგულირებულ შეთანხმებას;
ბ) ამ კანონით დადგენილი წესით კრედიტორთა მოთხოვნების განსაზღვრა და კრედიტორთა რეესტრის შედგენა. რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის მოვალესა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უფლება აქვთ, ამ თავით დადგენილი წესით შეადგინონ კრედიტორთა რეესტრი. ამ დროს კრედიტორებს უნდა მიეცეთ სრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები.

6. გაკოტრების მინიმუმის გამოანგარიშებისას და კრედიტორთა საუკეთესო ინტერესის დადგენისას გამოიყენება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი.

7. რეგულირებული შეთანხმების შესრულების შედეგად სრულად და საბოლოოდ შესრულებულად მიიჩნევა მოვალის ყველა ვალდებულება, რომლებიც რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების მომენტისთვის არსებობდა და რომლებსაც რეგულირებული შეთანხმება სრულად ან ნაწილობრივ მოიცავდა.

8. რეგულირებული შეთანხმების მიუღწევლობა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, აგრეთვე კრედიტორს ანიჭებს უფლებას, სასამართლოში შეიტანოს მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება.

9. ამ თავის მიზნებისთვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის სავალდებულოა მოვალის პარტნიორთა უმრავლესობის თანხმობა, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მოვალის პარტნიორთა ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მფლობელ პარტნიორთა თანხმობა. აღნიშნული თანხმობა უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ნებართვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/22.md
