---
title: "მუხლი 34. კრედიტორთა კრების მოწვევა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/34"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. კრედიტორთა კრების მოწვევა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/34

1. რეგულირებული შეთანხმების პროექტი უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს მორატორიუმის მოქმედების ვადის ბოლო დღისა, ხოლო რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების მორატორიუმის გარეშე განხორციელებისას − სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

2. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა რეგულირებული შეთანხმების დასამტკიცებლად კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევი უნდა გაუგზავნოს მისთვის და მოვალისთვის ცნობილ ყველა კრედიტორს ამ კრების თარიღამდე არაუგვიანეს 14 დღისა. აღნიშნული მოსაწვევი უნდა შეიცავდეს:
ა) რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების ასლს;
ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის ასლს, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) სასამართლოს შესაბამისი განჩინების ასლს;
დ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მიერ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შეთავაზებისა და მის, როგორც რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის, მიერ ამ ცვლილების გათვალისწინების თაობაზე;
ე) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მოთხოვნისა და მისი ხმის უფლების თაობაზე, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ვ) კრების თარიღს, დროსა და ადგილს.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია შესაბამის კრედიტორს კრედიტორთა კრებაზე დასასწრებ მოსაწვევში განუმარტოს მისი სტატუსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/35.md
