---
title: "მუხლი 47. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/47"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/47

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში − მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინებით. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

3. სასამართლო მმართველად/ზედამხედველად დასანიშნად პირის შერჩევის პროცედურას იწყებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებისთანავე. ამ პროცედურით შერჩეულ პირს დაუყოვნებლივ ეცნობება მმართველად/ზედამხედველად მისი მოსალოდნელი დანიშვნის თაობაზე, რათა მაქსიმალურად დროულად იქნეს უზრუნველყოფილი იმ გარემოებების შესწავლა და სათანადოდ მომზადება, რომლებიც გავლენას ახდენს მმართველის/ზედამხედველის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებაზე. მმართველად/ზედამხედველად დასანიშნად შერჩეული პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

4. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

5. სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას აქვეყნებს ამ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე. აღნიშნულ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით შერჩეული მმართველის/ზედამხედველის ვინაობა.

6. კრედიტორთა პირველად რეესტრში შემავალ კრედიტორთა კრება, რომელიც შედგება აგრეთვე იმ კრედიტორებისგან, რომელთა შესახებ ინფორმაციაც საქმეში მოიპოვება, უფლებამოსილია სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს სხვა მმართველი/ზედამხედველი და ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით მმართველად/ზედამხედველად დანიშნავს კრედიტორთა კრების მიერ არჩეულ პირს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/48.md
