---
title: "მუხლი 52. კრედიტორთა რეესტრის შედგენა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/52"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "52"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. კრედიტორთა რეესტრის შედგენა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/52

1. კრედიტორთა მოთხოვნებს ამოწმებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს მმართველი/ზედამხედველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისა და მოვალისგან მიღებული ინფორმაციის ან/და თავის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. კრედიტორთა რეესტრში შეიტანება მხოლოდ ის კრედიტორული მოთხოვნები, რომლებსაც მმართველი/ზედამხედველი დასაბუთებულად მიიჩნევს. კრედიტორთა რეესტრში ავტომატურად აისახება ის მოთხოვნები, რომელთა აღსრულებაც მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი უარს იტყვის მისი მოთხოვნის აღნიშნულ რეესტრში შეტანაზე.

3. მმართველს/ზედამხედველს არ აქვს უფლება, აღიაროს პირგასამტეხლო და ვადამოუსვლელი პროცენტი, თუ მათი ჯამური ოდენობა ძირითადი თანხის დავალიანების 10 პროცენტს სცილდება. კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს სარჩელით აუღიარებელი ვადამოუსვლელი პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოვალისთვის დაკისრებისა და რეესტრში შეტანის მოთხოვნით. სასამართლო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა დადასტურებულია სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან/და როდესაც მოთხოვნაზე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მომენტისთვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება მიმდინარეობდა.

4. კრედიტორთა რეესტრში მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაში აისახება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებისა და კრედიტორთა რეესტრის შედგენის შესახებ დებულებები არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომელიც „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარგებლობს ურთიერთგაქვითვის უფლებით ან საბოლოო ურთიერთგაქვითვის უფლებით. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/53.md
