---
title: "მუხლი 60. გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება და ამოღება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/60"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "60"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება და ამოღება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/60

1. პირი, რომელიც უფლებამოსილია სანივთო ან ვალდებულებითი მოთხოვნის საფუძველზე მოითხოვოს გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება, გადახდისუუნარობის მიზნებისთვის კრედიტორი არ არის. გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. მმართველს/ზედამხედველს უფლება აქვს, მიატოვოს ისეთ ქონებაზე საკუთრების უფლება, რომელსაც ლიკვიდური ღირებულება არ აქვს და რომლის კრედიტორთა სასარგებლოდ რეალიზაციაც შეუძლებელია, ან განახორციელოს ამ ქონების რეალიზაცია, თუ მისი შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მის საბაზრო ღირებულებას აღემატება.

3. გადახდისუუნარობის მასიდან შეიძლება ამოღებულ იქნეს ისეთი ქონება, რომლის მიმართაც მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორმხრივი ვალდებულებები არსებითად შესრულებულია და რომლის მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემასაც ითვალისწინებს აღნიშნული ხელშეკრულება. შესაბამის გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე იღებს მმართველი/ზედამხედველი.

4. მმართველი/ზედამხედველი დაინტერესებულ პირს გადახდისუუნარობის მასიდან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქონების ამოღებაზე უარს ეუბნება, თუ მოვალის რეაბილიტაციის შედეგად, რომლის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება ეს გადაწყვეტილება, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული პირის სრულად დაკმაყოფილება.

5. თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების მიმართ სააღსრულებო წარმოება არსებითად დასრულებულია და ამ ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების გამოსაცემად აუცილებელი ყველა წინაპირობა არსებობს, ეს ქონება გადახდისუუნარობის მასიდან ამოღებული უნდა იქნეს და უფლებამოსილ პირს უნდა გადაეცეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/61.md
