---
title: "მუხლი 62. სასამართლოს გადაწყვეტილება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/62"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "62"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. სასამართლოს გადაწყვეტილება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/62

1. რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი იხსნება სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის მომენტიდან. რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე ან საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს ზეპირი მოსმენით. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. ამ საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში დაინტერესებული პირების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სასამართლო ვალდებულია რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან 30 დღის ვადაში გადაწყვიტოს კრედიტორთა ხმის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები. მმართველი/ზედამხედველი ვალდებულია მოამზადოს და სასამართლოს წარუდგინოს ეს საკითხები რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან არაუგვიანეს 20 დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე.

4. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/63.md
