---
title: "მუხლი 63. სასამართლოს განჩინების შინაარსი — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/63"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "63"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. სასამართლოს განჩინების შინაარსი — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/63

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება ან სხვა განჩინება, რომლითაც იხსნება ან იცვლება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი, უნდა შეიცავდეს:
ა) გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში მმართველობის საკითხზე;
ბ) მმართველის ვინაობას/დასახელებას (არსებობის შემთხვევაში);
გ) ორი ან ორზე მეტი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში − მათ მიერ უფლებამოსილების  ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე განხორციელების წესსა და პირობებს;
დ) მორატორიუმის ღონისძიებების სრულ აღწერილობას.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, რომელიც გამოტანილია გაკოტრების მმართველის განცხადების დაკმაყოფილების შედეგად, დამატებით უნდა შეიცავდეს გაკოტრების ხარჯების დაფარვის წესს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, რომელიც გამოტანილია  რეაბილიტაციის მმართველის განცხადების დაკმაყოფილების შედეგად, დამატებით უნდა შეიცავდეს რეაბილიტაციის ხარჯების დაფარვის წესს.

4. გადახდისუუნარობის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში, თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, იგი მმართველის თანხმობით განაგრძობს ახალი რეჟიმის ფარგლებში მმართველის ფუნქციების შესრულებას.

5. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანისთანავე უარი უნდა ითქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაზე, რომლის განხილვაც შეჩერებულია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/64.md
