---
title: "მუხლი 7. გადახდისუუნარობის ცნება და გადახდისუუნარობის პრეზუმფცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/7"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. გადახდისუუნარობის ცნება და გადახდისუუნარობის პრეზუმფცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/7

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;
გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;
დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/8.md
