---
title: "მუხლი 83. სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/83"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "83"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/83

1. სასამართლო ამტკიცებს კრედიტორთა მიერ ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას, თუ დაცულია ამ კანონის მოთხოვნები, აგრეთვე კრედიტორთა კრების მოწვევისა და კენჭისყრის წესები.

2. დაუშვებელია, სასამართლომ დაამტკიცოს რეაბილიტაციის გეგმა, რომლითაც:
ა) გათვალისწინებულია პრეფერენციული ვალების ისეთი დაფარვა, რომელიც არ გულისხმობს მათ დაფარვას არაპრეფერენციულ ვალებთან შედარებით პრიორიტეტულად, გარდა შესაბამისი კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა;
ბ) ირღვევა პროპორციულობის პრინციპი პრეფერენციულ კრედიტორთა და არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფებში, გარდა შესაბამისი კრედიტორის (კრედიტორების) თანხმობის არსებობის შემთხვევისა;
გ) კრედიტორი არ მიიღებს ან არ შეინარჩუნებს, სულ მცირე, მისი მოთხოვნის ისეთ ღირებულებას, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების საფუძველზე მიიღებდა, გარდა ამ კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა. გაკოტრების მინიმუმის გამოანგარიშებისას და კრედიტორთა საუკეთესო ინტერესის დადგენისას გამოიყენება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი;
დ) უზრუნველყოფილი კრედიტორი იმაზე ნაკლებს მიიღებს, ვიდრე უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების რეალიზაციით მიიღებდა, გარდა ამ კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა;
ე) ახალი კრედიტორული მოთხოვნები ამ კანონით დადგენილი წესით დაცული არ არის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/84.md
