---
title: "მუხლი 96. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შედეგები — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/96"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "96"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 96. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შედეგები — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 96 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/96

1. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

2. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევად არ მიიჩნევა რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების უმნიშვნელო დარღვევა. პირობების დარღვევა უმნიშვნელოდ მიიჩნევა, თუ ის მთლიანი მიმდინარე შესასრულებელი ვალდებულების 20 პროცენტს არ აღემატება, ხოლო მისი შესრულების ვადის გადაცილება − 15 სამუშაო დღეს, ან თუ ვადის გადაცილება არ აღემატება 7 სამუშაო დღეს, მიუხედავად დავალიანების თანხის ოდენობისა.

3. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად მოვალეს უგზავნის და მას მოსაზრებების წერილობით წარმოსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 დღისა და არაუმეტეს 7 დღის ვადას, რომელიც აითვლება მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების მომენტიდან.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

5. თუ სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და დანიშნავს გაკოტრების მმართველს.
თავი X
გაკოტრება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/95.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/97.md
