---
title: "მუხლი 99. გაკოტრების მმართველის დანიშვნა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/99"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "99"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. გაკოტრების მმართველის დანიშვნა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 99 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/99

1. გაკოტრების მმართველს ნიშნავს სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით, ამ კანონის მე-11 მუხლითა და 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით.

2. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ კანონის 92-ე მუხლით დადგენილი წესით დანიშნოს ახალი გაკოტრების მმართველი.

3. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.

4. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

5. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც მას ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/100.md
