---
title: "მუხლი 5. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანი, ფუნქციები და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/5"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანი, ფუნქციები და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/5

1. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

2. შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, მათ შორის, იყენებს შემდეგ მექანიზმებს:
ა) მოთხოვნის შემთხვევაში, შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმაციის მიწოდება;
ბ) შრომითი ნორმების დაცვის ხელშემწყობი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელებით;
გ) შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება და განხილვა;
დ) ინსპექტირება;
ე) საქართველოს შრომის კანონმდებლობის დასახვეწად და მისი გამოყენების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება.

3. შრომის ინსპექციის სამსახურმა ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები ისე უნდა განახორციელოს, რომ შრომითი ნორმების ეფექტიან გამოყენებაზე მაქსიმალურად შესაძლო გავლენა მოახდინოს.

3¹. თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე.

4. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობებით.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3046 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №779 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
თავი III
შრომის ინსპექციის სამსახურის ქონება, სტრუქტურა და საქმიანობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/6.md
