---
title: "მუხლი 61. მშენებლობის ორგანიზების პროექტი — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/61"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "61"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. მშენებლობის ორგანიზების პროექტი — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/61

1. მშენებლობის ორგანიზების პროექტი არის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის ორგანიზების პროექტის „ე“ ქვეპუნქტი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის განუყოფელი ნაწილია.

2. მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის:
ა) სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე;
ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა:
ბ.ა) ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას − მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი;
ბ.ბ) ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას, გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ
2
-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა – მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 ეტაპი;
ბ.გ) ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას – მინიმუმ 10 ეტაპი;
გ) სამშენებლო მოედნის გამიჯვნის გეგმა - მ 1:200 ან 1:100;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი;
ე) მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით;
ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები;
ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები;
თ) დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს.

3. მშენებლობის წარმოების დროს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში უნდა აისახოს მსგავსი სამუშაოების (მაგ.: სამშენებლო ტექნიკით ბეტონის მიწოდება) განხორციელების ოპტიმალური ვადა და დრო.

4. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აისახოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობას/სიმტკიცეს და არ გამოიწვევს მათი მდგრადობის/სიმტკიცის გაუარესებას.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
თავი XIII
სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილება და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/62.md
