---
title: "მუხლი 8. მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/8"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "8"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/8

1. მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ ეფექტიანად გამოყენებისათვის შესაძლებელია მათი საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა, სათანადო ხელშეკრულების, მათ შორის, ნატურალური ან/და ფულადი კომპენსაციის საფუძველზე.

2. მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების საფუძველია მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის დადებული შეთანხმება მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე. საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

3. მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა ხორციელდება მესაკუთრეთა ინტერესების დაცვითა და სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე – საკუთრების უფლებათა გადანაწილებით.

4. ერთი მხრივ – სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის, და მეორე მხრივ – კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება ხორციელდება შეთანხმების საფუძველზე. საზღვრების გამიჯვნა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრში.

5. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/9.md
