---
title: "მუხლი 2 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/2"
law: "პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "663"
adopted: "2020-11-30"
consolidated_as_of: "2025-07-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-07-11), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/2

1. თუ დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობის) შესახებ ეჭვს აღუძრავდა, სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ზემოაღნიშნულის თაობაზე პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად.

2. სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, რაც უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით.

3. ინფორმირებული თანხმობის მიღებამდე ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ვინაობის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, სამედიცინო შემოწმების მიზნისა და ხასიათის, მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, შემოწმებისა და სავარაუდო დაზიანების შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგების თაობაზე, აგრეთვე, პაციენტს განუმარტოს დამოუკიდებელი (ალტერნატიული) სამედიცინო შემოწმებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის უფლება.

4. პაციენტის თანხმობის შემთხვევაში ექიმი ატარებს სამედიცინო შემოწმებას. ექიმი ვალდებულია შემოწმების შედეგები დოკუმენტურად ასახოს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის ფორმის“ (შემდგომ – დაზიანების აღრიცხვის ფორმა) შესაბამისად.

5. თუ დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, პაციენტის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. ამ შემთხვევაში ექიმი ახდენს პაციენტის გარეგნულ დათვალიერებას, რის შესახებაც იგი ადგენს ცნობას და ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, პაციენტის გარეგნული დათვალიერების შესახებ აცნობებს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს.

6. სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის უარი უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით. პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ექიმი შესაბამის ჩანაწერს აკეთებს დაზიანების აღრიცხვის ფორმის საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექიმი უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო, ფსიქიატრიული მკურნალობის ან/და ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/3.md
