---
title: "მუხლი 6 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/6"
law: "პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "6"
identifier: "663"
adopted: "2020-11-30"
consolidated_as_of: "2025-07-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-07-11), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/6

1. დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა სამედიცინო მომსახურების გაწევისას ექიმს აღნიშნულის თაობაზე წარმოეშობა ეჭვი, იგი დაუყოვნებლივ, ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობებს საქართველოს პროკურატურას, შეტყობინების განხორციელების თაობაზე აგრეთვე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმირების მიზნით ექიმი ტელეფონით დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც.

2. პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველ პუნქტში არსებული გარემოებები, ექიმი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ, ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რის თაობაზეც აგრეთვე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმირების მიზნით ექიმი ტელეფონით დაუყოვნებლივ აცნობებს დაწესებულების დირექტორსაც.

3. ექიმი ვალდებულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სატელეფონო შეტყობინება აღრიცხოს სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რომელშიც მიეთითება შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი, შეტყობინების გადაცემის დრო (თარიღი, საათი და წუთი), შეტყობინების გადამცემი და მიმღები პირების სახელი, გვარი და თანამდებობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ბეჭდით დამოწმებული. ჟურნალის შენახვა-გამოყენებაზე ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/7.md
