---
title: "მუხლი 10. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/10"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "10"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/10

1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს მისთვის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ამ ვებგვერდზე განათავსონ ან/და სააგენტოს მატერიალურად წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები/შენიშვნები ამ გეგმის პროექტთან დაკავშირებით. სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში იხილავს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად.

3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა.

4. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი არ გაითვალისწინებს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის დასაბუთება. ეს დასაბუთება განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი  ორგანო.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/11.md
