---
title: "მუხლი 7. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/7"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "7"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/7

1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება გულისხმობს ამ პირის დავალდებულებას, განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. მათი განხორციელებისას აუცილებელია შემდეგი რიგითობის დაცვა:
ა) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა;
ბ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა;
გ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელება.

2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს დადგენილი წესით მის მიერ შემუშავებული და სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესაბამისად. ეს გეგმა საკომპენსაციო გამოსასწორებელ ღონისძიებებსაც უნდა მოიცავდეს.

3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას შეიმუშავებს და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით.

4. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/8.md
