---
title: "მუხლი 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/9"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "9"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/9

1. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომ − სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისია).

2. სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. სააგენტო მასთან შეთანხმებულ დასაბუთებას წარუდგენს სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიების განსაზღვრას.

3. სააგენტო სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მისი წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

4. თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა გადაეცემა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

6. გარემოსდაცვით პროგრამაში შესაბამისი თანხების არსებობის შემთხვევაში გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

7. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა.

8. სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და ამ კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება აღნიშნული კომისიის დებულებით, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/10.md
