---
title: "მუხლი 10¹. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/10-1"
law: "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "10^1"
identifier: "32/04"
adopted: "2021-03-09"
consolidated_as_of: "2026-08-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10¹. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-08-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 10¹ (consolidated as of 2026-08-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/10-1

1. მომხმარებელს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უფლება აქვს უარი თქვას სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე მისი გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით ან/და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური გირავნობით. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება აგრეთვე არ ვრცელდება ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია არამატერიალური ქონებრივი სიკეთით/მოძრავი ქონებით, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და ძვირფასი ლითონებით ან/და ძვირფასი ქვებით უზრუნველყოფილი კრედიტებისა. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის ათვლა იწყება:
ა) საკრედიტო ხელშეკრულების დადებიდან;
ბ) მომხმარებლის მიერ, ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულების მიღებიდან, თუ ხელშეკრულებას მომხმარებელი მისი დადების შემდეგ იღებს.

2. თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, მან:
ა) ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ 1 “ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე, მატერიალურად ან სხვა სანდო საშუალებით უნდა შეატყობინოს ფინანსურ ორგანიზაციას. ვადა დაცულად ითვლება, თუ აღნიშნული შეტყობინება გაგზავნილია მატერიალურად ან სხვა სანდო საშუალებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე;
ბ) ფინანსურ ორგანიზაციას უნდა გადაუხადოს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა და ამ თანხაზე კრედიტით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი, ფინანსური ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. კრედიტზე დარიცხული პროცენტი იანგარიშება ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. ფინანსურ ორგანიზაციას უფლება არ აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებლისგან მიიღოს რაიმე სახის სხვა კომპენსაცია, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა ან/და სანოტარო ხარჯისა.

3. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად შესრულების შემდეგ.

4. მომხმარებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ასევე უქმდება მასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ფინანსურ ორგანიზაციასთან ან მესამე მხარესთან ფინანსური ორგანიზაციასა და მესამე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ როგორც მომხმარებელს, ასევე, მესამე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაკავშირებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

5. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება როგორც მატერიალურად, ასევე დისტანციურად გაფორმებულ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/11.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
