---
title: "მუხლი 14. ფინანსური ხარჯი — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/14"
law: "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "14"
identifier: "32/04"
adopted: "2021-03-09"
consolidated_as_of: "2026-08-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. ფინანსური ხარჯი — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-08-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 14 (consolidated as of 2026-08-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/14

1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ფინანსური ორგანიზაციის მიერ და მომხმარებლის მიერ საფინანსო პროდუქტის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ საფინანსო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევი აუცილებელი ხარჯია, კერძოდ:
ა) საპროცენტო ხარჯი/შენატანები;
ბ) მომსახურებაზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული გადასახდელები. მათ შორის, როცა კრედიტის/დეპოზიტის მომსახურებისთვის იხსნება ანგარიში, ანგარიშის გახსნის და მომსახურების ხარჯები;
გ) ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი;
დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი;
ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი;
ვ) სანოტარო ხარჯი;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
თ) გადასახდელი, რომელსაც მომხმარებელი უხდის მესამე პირს საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას;
ი) ფინანსური ორგანიზაციის სხვა პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და/ან ამ პროდუქტის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ, მაგრამ ფაქტობრივ ვალდებულებას;
კ) ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამა თუ იმ პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი, როცა საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამ პირობის შესრულება არ მოითხოვება ცალსახად საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის გაცემის შემდეგ, არამედ შესაძლებელია ამ პირობის შესრულების მოთხოვნა/შემოწმება განხორციელდეს საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის გაცემამდეც (მაგალითები მოცემულია N9 დანართში);
ლ) ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან საფინანსო პროდუქტის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები, როცა მოცემული საფინანსო პროდუქტის შინაარსი/ბუნება აღნიშნული პირობით მომსახურებას ისედაც ითვალისწინებს (მაგალითები მოცემულია N9 დანართში);
მ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ფინანსურმა ორგანიზაციამ შეიტყო საკრედიტო/სადეპოზიტო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის;
ნ) გადასახადები, რომლის დაკავებას და მომხმარებლის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადარიცხვას ახდენს ფინანსური ორგანიზაცია;
ო) მომხმარებლის მიერ საკრედიტო შუამავლისთვის გადახდილი საკომისიო, რომლის არსებობის შემთხვევაშიც კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება.

2. თუ ფინანსურ ხარჯს მომხმარებელი უხდის მესამე პირს და ფინანსურ ორგანიზაციას არ შეუძლია ზუსტი ფინანსური ხარჯის ოდენობის დადგენა, ფინანსურმა ორგანიზაციამ ის უნდა განსაზღვროს აღნიშნული ხარჯის მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

3. თუ მომხმარებლის მიერ ფინანსური ხარჯის გადახდის საჭიროება დგება ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო ეტაპებზე და რომლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციას წინასწარ არ შეუძლია, ფინანსური ხარჯი შეფასებული უნდა იქნეს მიმდინარე საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

4. ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯები, რომელთა გადახდაც მომხმარებლისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელი კრედიტის გამოყენების გარეშე თავად განახორციელებდა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების შეძენას ან/და რომელთა მომხმარებლის მიერ გადახდაც მოსალოდნელია კრედიტის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.

5. თუ დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ფასი აღემატება ამავე საქონლის/მომსახურების პირდაპირი ანგარიშსწორების ფასს, აღნიშნული დადებითი სხვაობა ფასებს შორის უნდა მიეკუთვნოს ფინანსურ ხარჯებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/13-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/15.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
