---
title: "მუხლი 6. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას – ხელშეკრულების თავსართი — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/6"
law: "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "6"
identifier: "32/04"
adopted: "2021-03-09"
consolidated_as_of: "2026-08-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას – ხელშეკრულების თავსართი — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-08-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 6 (consolidated as of 2026-08-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/6

1. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური – „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“ და მასში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მომხმარებლისათვის ადვილად აღსაქმელი ფონტის ზომით, მაგრამ არანაკლებ 12-ისა. ხელშეკრულების თავსართში ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა განათავსოს შემდეგი წინადადება: „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406”.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების თავსართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ის უნდა განთავსდეს ხელშეკრულების საწყის, ხელშეკრულების სხვა პირობებისგან განცალკევებულ არაუმეტეს ორ გვერდზე. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ამ წესის დანართ №4-ში მოცემული ნიმუშების ზოგადი სტილი და მასში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა. ხელშეკრულების თავსართში არ უნდა მიეთითოს ის საკომისიოები, რომლის გადახდაც კონკრეტულ მომხმარებელს არ ეკისრება (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შინაარსობრივად პირგასამტეხლოა). ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულად უნდა იყოს ასახული. დაუშვებელია სავალდებულო ინფორმაციის ხელშეკრულების თავსართში ასახვისას მითითება გაკეთდეს ხელშეკრულების შესაბამის მუხლებზე, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი 1 “ და „ი 2 “ ქვეპუნქტებითა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა.

3. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების თავსართში განათავსოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, ფინანსურ ორგანიზაციაში არსებული პრეტენზიის წარდგენის ფორმების ჩამონათვალი და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.

4. ფინანსური ორგანიზაცია საკრედიტო ხელშეკრულებების თავსართში ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად ვალდებულია ასევე:
ა) მიუთითოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ი“, „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ბ) თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის გაცემას უცხოური ვალუტით, გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“ აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს“, ასევე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;
გ) თუ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი, გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“ აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს“, ასევე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;
დ) თუ მომხმარებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით, მსესხებელია ფინანსური ინსტიტუტი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ეს უკანასკნელი ვალდებულია ხელშეკრულების თავსართში განათავსოს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია;
ე) თუ კრედიტის გაცემა ხდება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით განსაზღვრული გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე, ხელშეკრულების თავსართში განათავსოს შემდეგი ჩანაწერი: „ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით.
ვ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და ამ წესის მიხედვით ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში განათავსოს შემდეგი ჩანაწერი: „მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე, ამ ხელშეკრულების დადებიდან/მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში“ და ხელშეკრულების პუნქტი/პუნქტები, რომელშიც მითითებულია ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი 1 “ და „ი 2 “ ქვეპუნქტებითა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;
ზ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და ამ წესის მიხედვით ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არარსებობის შემთხვევაში განათავსოს შემდეგი ჩანაწერი: „მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით“.

5. ფინანსური ორგანიზაცია სადეპოზიტო ხელშეკრულებების თავსართში ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად ვალდებულია ასევე:
ა) მიუთითოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ , „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ბ) თუ სადეპოზიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს დეპოზიტის უცხოური ვალუტით განთავსებას, გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“. აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს“, ასევე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;
გ) თუ სადეპოზიტო ხელშეკრულებით რეგულირდება ურთიერთობები ამ წესის და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გამოშვებული სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შესახებ, გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატი არის სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მისი პირობები შეესაბამება სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნებს;
დ) თუ სადეპოზიტო ხელშეკრულებით რეგულირდება ურთიერთობები არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შესახებ, გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „აღნიშნული სერტიფიკატი არის არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე არ ვრცელდება სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები;
ე) თუ სადეპოზიტო ხელშეკრულებას, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, აფორმებს ფინანსური ინსტიტუტი, ეს უკანასკნელი ვალდებულია ხელშეკრულების თავსართში განათავსოს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია;
ვ) თუ სადეპოზიტო ხელშეკრულებას აფორმებს ბანკი, ეს უკანასკნელი ვალდებულია ხელშეკრულების თავსართში განათავსოს შემდეგი სახის ჩანაწერი: „თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში“;
ზ) თუ დეპოზიტის/სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის ფინანსური ორგანიზაციის მიერ მოითხოვება წინასწარი შეტყობინების ვადის დაცვა, ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი ვადის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა განთავსდეს ხელშეკრულების თავსართში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის განთავსებისას საკრედიტო ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს მხოლოდ ლარის შესაძლო გაუფასურების, ხოლო სადეპოზიტო ხელშეკრულების თავსართში მხოლოდ ლარის შესაძლო გამყარების შემთხვევაში გამოთვლილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

7. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში მოცემული პირობების ფინანსური ორგანიზაციის მიერ ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ხელშეკრულების თავსართში. ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირების ხელშეკრულებით განსაზღვრული საკომუნიკაციო არხი და ვადა.

8. თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრისა და/ან თავდებისათვის/სოლიდარული თავდებისთვის, გადასაცემი/მისაწოდებელი უზრუნველყოფის/თავდებობის/სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების პირველივე გვერდზე განათავსოს შემდეგი ტექსტი: „სესხის გაცემა ხდება გენერალური ხელშეკრულების (ლიმიტის ოდენობა) ფარგლებში, რომელიც მოქმედია შემდეგი ვადით (ვადის მითითება). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზემოაღნიშნული ლიმიტის ფარგლებში მსეხებელზე დამატებით კრედიტის გაცემის შემთხვევაში, კრედიტის გაცემაზე თქვენი დამატებითი თანხმობა არ იქნება საჭირო და თქვენი თავდებობა/ქონების უზრუნველყოფის მოცულობა გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის ფარგლებში გაცემულ ყველა კრედიტზე“.

8¹. თუ კრედიტი გაცემულია „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი №1-ის, შენიშვნა 2-ის გათვალისწინებით, კერძოდ, თუ მომხმარებელს აქვს კრედიტის/კრედიტების ვადის უპირობოდ გახანგრძლივების უფლებამოსილება, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების თავსართში მიუთითოს შემდეგი ჩანაწერი: „თქვენ უფლება გაქვთ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ვადით, უპირობოდ და ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოითხოვოთ ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის/კრედიტების ვადის გახანგრძლივება“.

9. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელს გააცნოს ხელშეკრულებაში ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 12 ივლისის ბრძანება №173/04 - ვებგვერდი, 13.07.2023 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/7.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
