---
title: "მუხლი 101. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/101"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "101"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 101 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/101

1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. პარტნიორი, რომელიც სარგებლობს ამ უფლებით და არ არის ჩამოცილებული ხელმძღვანელობით საქმიანობას, ვალდებულია განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა. პარტნიორმა არ უნდა განახორციელოს თავისი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ისეთი ქმედება, რომელსაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პარტნიორი ეწინააღმდეგება.

2. თუ წესდებით ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ერთ ან რამდენიმე პარტნიორს აქვს მინიჭებული, სხვა პარტნიორები ხელმძღვანელობით საქმიანობას არ ახორციელებენ.

3. დაუშვებელია ყველა პარტნიორის ხელმძღვანელობითი საქმიანობისგან სრულად ჩამოცილება.

4. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი იურიდიული პირია, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელება მის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს ეკისრება/ეკისრებათ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/102.md
