---
title: "მუხლი 105. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგებისა და ზარალის განაწილება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/105"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "105"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 105. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგებისა და ზარალის განაწილება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 105 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/105

1. პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგებიდან, რომელიც სამეურნეო წლის ბოლოს არის დადგენილი, მოითხოვოს დივიდენდი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილის შესაბამისი თანხის 4 პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგების თანხა საკმარისი არ არის, დივიდენდის დაანგარიშების პროცენტი შესაბამისად მცირდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დივიდენდის დაანგარიშებისას გაითვალისწინება პარტნიორის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შენატანი მისი განხორციელებიდან სამეურნეო წლის ბოლომდე დარჩენილი დროის პროპორციულად. თუ პარტნიორმა სამეურნეო წლის განმავლობაში გახარჯა ფული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილიდან, გახარჯული ფული/თანხა გაითვალისწინება გახარჯვამდე გასული დროის პროპორციულად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდის დაანგარიშებისას თანხის გამოთვლის შედეგად დარჩენილი მოგება, აგრეთვე სამეურნეო წლის ზარალი პარტნიორებს შორის თანაბრად ნაწილდება.

4. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგების ან ზარალის განაწილების ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ წესს.

5. პარტნიორი ვალდებული არ არის დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/104.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/106.md
