---
title: "მუხლი 110. ურთიერთობები სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის/გარიცხვის შემდეგ — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/110"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "110"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 110. ურთიერთობები სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის/გარიცხვის შემდეგ — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 110 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/110

1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის/გარიცხვის შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მისი წილი დაემატება სხვა პარტნიორების წილებს ამ წილების პროპორციულად.

2. სხვა პარტნიორები ვალდებული არიან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/გარიცხული პარტნიორი გაათავისუფლონ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალებისგან და მას გადაუხადონ კომპენსაცია იმ თანხის ოდენობით, რომელსაც იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის შემთხვევაში მიიღებდა. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასულ/გარიცხულ პარტნიორს უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება არ აქვს.

3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/ გარიცხული პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კრედიტორების წინაშე ნაკისრი ის ვალდებულებები, რომლებიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან მის გასვლამდე/გარიცხვამდე წარმოიშვა, ძალაში რჩება ამ პარტნიორის გასვლიდან/გარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში.

4. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების ღირებულება უნდა შეფასდეს იმ დღისთვის, როდესაც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა ძალაში შედის ან პარტნიორის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში გაკოტრების პროცესი იწყება ანდა აღიძვრება სარჩელი პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. შესაბამისი მოთხოვნა უნდა შესრულდეს გამოყოფის ბალანსის წარდგენისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/109.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/111.md
