---
title: "მუხლი 131. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ხმის მიცემისა და პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესები და პირობები — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/131"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "131"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 131. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ხმის მიცემისა და პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესები და პირობები — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 131 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/131

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ხმის მიცემისა და პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესები და პირობები დგინდება წესდებით. აუცილებელია, ამ წესებსა და პირობებზე მიეთითოს საერთო კრების მოწვევის შესახებ დოკუმენტში ან პარტნიორთათვის გაგზავნილ პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტში. თუ წესდება აღნიშნულ წესებსა და პირობებს არ ადგენს, მათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო განსაზღვრავს.

2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პარტნიორს, რომელიც საერთო კრებაში არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ მონაწილეობს, შეუძლია ამ კრების ჩატარებამდე დისტანციურად, წერილობით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მისცეს ხმა მისი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პარტნიორმა მონაწილეობა მიიღო საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში.

3. თუ წესდებით დაშვებულია საერთო კრებაზე დამსწრე ან არმყოფი პარტნიორის მიერ ხმის ტექნიკური საშუალების გამოყენებით მიცემა, ამგვარად მიცემული ხმა მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, თუ შესაძლებელია ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირება. ნების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოვლენისას აუცილებელია, იგი დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ ან ელექტრონული ხელმოწერით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელი არიან საერთო კრების თავმჯდომარე და ამ კრების მომწვევი ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/130.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/132.md
