---
title: "მუხლი 137. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/137"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "137"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 137. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 137 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/137

1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ პარტნიორებს.

2. თუ წესდებით ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ აქვს უფლება, განათავსოს გამოშვებული წილები ან პირთა განუსაზღვრელ წრეს შესთავაზოს წილების ნებისმიერი პირობებით განთავსება, ვიდრე იგი პარტნიორებს წერილობით არ შესთავაზებს გამოშვებული წილების იმავე პირობებით შეძენას და ამისთვის გონივრულ ვადას არ განუსაზღვრავს.

3. გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შეთავაზების შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ პარტნიორს ამ უფლების გამოყენებისთვის უნდა მისცეს გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 14 დღისა.

4. გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებს წილის პროპორციულად, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდა. თუ პროპორციულობის დაცვით შეთავაზებული წილები პარტნიორებს შორის ზუსტად ვერ ნაწილდება, იმ წილების უპირატესი შესყიდვის წესს, რომლებიც პარტნიორებს შორის ვერ ნაწილდება, ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავენ პარტნიორები.

5. პარტნიორს, რომელსაც აქვს გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება, შეუძლია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უარი თქვას აღნიშნულ უფლებაზე ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ.

6. ახალი წილის გამოშვებისას მისი უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს პარტნიორთა გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სულ მცირე 3/4-ის უმრავლესობით. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის გონივრული საფუძვლები და დასაბუთებულია წილის გადაცემის ღირებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/136.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/138.md
