---
title: "მუხლი 14. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/14"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/14

1. რეესტრში რეგისტრირებული, გამოქვეყნებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

2. მესამე პირთან ურთიერთობაში მეწარმე რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ მათი გამოქვეყნების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეწარმე დაამტკიცებს, რომ მესამე პირისთვის შესაბამისი ფაქტი ან დოკუმენტი ცნობილი იყო.

3. მესამე პირთან იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც მონაცემების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წარმოიშვა, დასაშვებია რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი დაამტკიცებს, რომ მან შესაბამისი ფაქტისა და დოკუმენტის თაობაზე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.

4. მესამე პირს უფლება აქვს, დაეყრდნოს იმ მონაცემებს, რომელთა რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პროცედურა არ დასრულებულა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ მათი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემდეგ.

5. სამეწარმეო საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და მის შესახებ მონაცემთა სათანადო წესით რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემთხვევაში მესამე პირთან ურთიერთობაში ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებულ ხარვეზზე დაყრდნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოება დაამტკიცებს, რომ მესამე პირისთვის ეს ხარვეზი ცნობილი იყო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/15.md
