---
title: "მუხლი 170. კაპიტალის შემცირება სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გაუქმებით — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/170"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "170"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 170. კაპიტალის შემცირება სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გაუქმებით — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 170 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/170

1. საერთო კრება უფლებამოსილია კაპიტალის შემცირების მიზნით გააუქმოს სააქციო საზოგადოების ან იმ მესამე პირის მიერ გამოსყიდული აქციები, რომელიც საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს, აგრეთვე იძულებით გააუქმოს განთავსებული აქციები. თუ აქციების გაუქმების პირობები და პროცედურა წესდებით დადგენილი არ არის, ისინი საერთო კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

2. განთავსებული აქციების იძულებით გაუქმება დასაშვებია, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია ან ნებადართულია წესდებით აქციების განთავსებამდე. თუ წესდებით ნებადართულია მხოლოდ აქციების იძულებით გაუქმება, აქციები იძულებით უქმდება საერთო კრების გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციების იძულებით გაუქმებას ერთხმად ეთანხმებიან ის აქციონერები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ეხება.

3. აქციის გაუქმებაზე ვრცელდება კაპიტალის შემცირების შესახებ წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.

4. თუ სააქციო საზოგადოებას სხვადასხვა კლასის აქციები აქვს გამოშვებული, აქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭი ყველა კლასის აქციების მფლობელთათვის ცალ-ცალკე ეყრება, თუკი მათ უფლებებზე ეს გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი და 195-ე მუხლი.

5. ამ კანონის 169-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესები არ ვრცელდება იმ აქციებზე, რომელთა შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული, თუ:
ა) აქციები სააქციო საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცემა;
ბ) აქციების გაუქმებისთვის კომპენსაცია გადაიხდება ამ კანონის 181-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაშვებული თანხის ფარგლებში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებამ გაუქმებული აქციების ნომინალური ღირებულების, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების ოდენობით უნდა შექმნას რეზერვი, რომელიც არ შეიძლება განაწილდეს აქციონერებზე. აღნიშნული რეზერვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოების ზარალის დასაფარავად ან განთავსებული კაპიტალის გასაზრდელად.

7. აქციათა გაუქმებით კაპიტალის შემცირების შემთხვევაში ამ კანონის 169-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები არ გამოიყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/169.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/171.md
