---
title: "მუხლი 194. საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/194"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "194"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 194. საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 194 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/194

1. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია საერთო კრებას მონაწილეები არა მხოლოდ უშუალოდ ესწრებოდნენ, არამედ ამ ფორმასთან ერთად ან მის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები.

2. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს აქციონერის მიერ ხმის მიცემა საერთო კრებაზე დაუსწრებლად, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით აქციონერმა ხმა შეიძლება მისცეს წერილობით/ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საერთო კრების დაწყებამდე ან საერთო კრების მიმდინარეობისას.

3. ხმის მიცემისას ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა და ელექტრონული კომუნიკაციის სისტემის უსაფრთხოება, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს.

4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს საერთო კრების ვიდეო- და აუდიოტრანსლირება, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნეს ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია, რაც აქციონერებს საშუალებას მისცემს, საერთო კრებას დისტანციურად მიმართონ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/193.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/195.md
