---
title: "მუხლი 198. საერთო კრების მიმდინარეობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/198"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "198"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 198. საერთო კრების მიმდინარეობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 198 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/198

1. საერთო კრება მიმდინარეობს ამ კანონით ან წესდებით დადგენილი წესით.

2. საერთო კრებას თავმჯდომარეობს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე. მათი არყოფნისას საერთო კრების თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. წესდება შეიძლება ადგენდეს საერთო კრების თავმჯდომარის განსაზღვრის სხვა წესს.

3. საერთო კრების გახსნამდე ტარდება საერთო კრებაზე გამოცხადებული აქციონერების (მათი წარმომადგენლების) რეგისტრაცია. აქციონერი, რომელმაც რეგისტრაცია არ გაიარა, კვორუმის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება და მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

4. კენჭისყრის ფორმა შეიძლება დადგინდეს წესდებით. თუ წესდება კენჭისყრის ფორმას არ ადგენს, მას განსაზღვრავს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. საერთო კრებაზე კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით შეიძლება განისაზღვროს წესდებით დადგენილი კენჭისყრის ფორმისგან განსხვავებული კენჭისყრის ფორმა.

5. საერთო კრების თავმჯდომარემ საერთო კრების მონაწილე ყველა აქციონერს უნდა მისცეს მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

6. კენჭისყრის შედეგები ცხადდება საერთო კრებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/197.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/199.md
