---
title: "მუხლი 200. საერთო კრების ოქმი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/200"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "200"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 200. საერთო კრების ოქმი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 200 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/200

1. საერთო კრების დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა შედგეს საერთო კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების თავმჯდომარე. თუ საერთო კრებას ნოტარიუსი ესწრება, საერთო კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს ნოტარიუსიც. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, საერთო კრების ოქმს ადგენს ნოტარიუსი და მას ხელს აწერენ ნოტარიუსი და საერთო კრების თავმჯდომარე.

2. საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს:
ა) სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება;
ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი;
გ) ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობა;
დ) საერთო კრებაში მონაწილე ან საერთო კრებაზე წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე აქციების რაოდენობა;
ე) საერთო კრების ჩატარების ფორმა, ხმის მიცემის ფორმა და მიღებული გადაწყვეტილებები საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების რიგითობის მიხედვით;
ვ) ყოველი გადაწყვეტილებისთვის − იმ აქციების რაოდენობა, რომლებიდან გამომდინარეც მართლზომიერად იყო ხმები მიცემული, ამ ხმებით წარმოდგენილი წილი განთავსებულ კაპიტალში, ხმების საერთო რაოდენობა, როგორც გადაწყვეტილების სასარგებლოდ, ისე მის საწინააღმდეგოდ მიცემული ხმების რაოდენობა და მათი რაოდენობა, ვინც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

3. საერთო კრების ოქმს უნდა დაერთოს საერთო კრების დადგენილი წესით მოწვევის დამადასტურებელი ყველა საბუთი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/199.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/201.md
