---
title: "მუხლი 209. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/209"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "209"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 209. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 209 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/209

1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.

2. მართვის მონისტური სისტემის არსებობისას სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს/ასრულებენ არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი/პირები. თუ ხელმძღვანელი ორგანო მხოლოდ აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირებისგან შედგება, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს საერთო კრება. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციის შესახებ.

3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს:
ა) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში;
ბ) გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია, მათ შორის, საბუღალტრო დოკუმენტაცია, სააქციო საზოგადოების ქონებრივი ობიექტები და სალარო; ამ მოქმედებების განხორციელება დაავალოს სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს ან მათ განსახორციელებლად მოიწვიოს ექსპერტები;
გ) შეამოწმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წლიური ანგარიშები, წინადადებები მოგების განაწილების შესახებ, საქმიანობის ანგარიში და ამის თაობაზე მოახსენოს საერთო კრებას;
დ) წარმოადგინოს სააქციო საზოგადოება ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში;
ე) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს საერთო კრების გადაწყვეტილებები.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება აქვს, გაეცნოს ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის მიერ წარდგენილ ანგარიშებსა და ინფორმაციას.

5. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია მოიწვიოს საერთო კრება, თუ ამას მოითხოვს სააქციო საზოგადოების ინტერესები.

6. წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დებულებით შეიძლება ისე განისაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ფუნქციათა განაწილება და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრისთვის მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/208.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/210.md
