---
title: "მუხლი 41. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/41"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/41

1. სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამეწარმეო საზოგადოებას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი ორგანო. ამ ორგანოს უფლებამოსილება, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება კანონითა და წესდებით.

2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. კომანდიტურ საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), თუ პარტნიორთა გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელად სხვა პირი არ დაინიშნება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში ხელმძღვანელობის უფლება აქვს/აქვთ ხელმძღვანელ პირს/პირებს.

3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის განხორციელებას:
ა) ერთი პირის მიერ ერთპიროვნულად;
ბ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად ან ცალ-ცალკე;
გ) ყველა ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად.

4. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ივარაუდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით საქმიანობას ყველა ხელმძღვანელი პირი ერთობლივად ახორციელებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/42.md
