---
title: "მუხლი 48. გენერალური სავაჭრო მინდობილობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/48"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "48"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. გენერალური სავაჭრო მინდობილობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/48

1. ინდივიდუალური მეწარმის, სამეწარმეო საზოგადოების შემთხვევაში − საერთო კრების, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს შეუძლიათ წერილობით გასცენ გენერალური სავაჭრო მინდობილობა. გენერალური სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ორ ან ორზე მეტ პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ერთად წარმოადგენენ მეწარმეს (საერთო გენერალური სავაჭრო მინდობილობა).

2. გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს.

3. გენერალური სავაჭრო მინდობილობა გენერალურ სავაჭრო წარმომადგენელს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ მან სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში განახორციელოს ყველა საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან, გარდა უძრავი ქონების გასხვისებისა და ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილებებისა. უძრავი ქონების გასხვისების ან ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება გენერალურ სავაჭრო წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის მას სპეციალურად მიეცემა.

4. კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მესამე პირისთვის გენერალური სავაჭრო მინდობილობის ფარგლების შეზღუდვა ბათილია. გენერალური სავაჭრო მინდობილობის ერთი ან რამდენიმე ფილიალით შემოფარგვლას მესამე პირისთვის მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როდესაც ფილიალები სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით იმართება.

5. გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი ხელმოწერისას საფირმო სახელწოდებას დაურთავს თავის სახელსა და გვარს და გენერალური სავაჭრო მინდობილობის აღმნიშვნელ დამატებას.

6. გენერალური სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს იმავე მინდობილობით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხელყოფის გარეშე.

7. გენერალური სავაჭრო მინდობილობის გადაცემა დაუშვებელია.

8. მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება იწვევს გენერალური სავაჭრო მინდობილობის შეწყვეტას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/49.md
