---
title: "მუხლი 53. კონკურენციის აკრძალვა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/53"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "53"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. კონკურენციის აკრძალვა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/53

1. ხელმძღვანელ პირს არ აქვს უფლება, სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე განახორციელოს იგივე საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს სამეწარმეო საზოგადოება, ან იყოს იმავე სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით აღნიშნული ვალდებულება შეიძლება ძალაში დარჩეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით. ამ ვალდებულების დარღვევისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია. მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სასამსახურო ხელშეკრულებით ან მხარეთა დამატებითი შეთანხმებით. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციასთან ერთად შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვოს. სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს კომპენსაციის ნაცვლად მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა. ამ უფლების გამოყენება შეუძლია ხელმძღვანელ ორგანოს, სხვა ხელმძღვანელ პირს, სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − თითოეულ პარტნიორს.

2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის გაცემა შეუძლია საერთო კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს ხელმძღვანელ პირს. აღნიშნული თანხმობა შეიძლება გაიცეს როგორც ზოგადად, ისე კონკრეტულ საქმიანობაზე, გარიგების სახესა და სამეწარმეო საზოგადოებაში მონაწილეობაზე. თანხმობის გაცემაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა გაცემულად მიიჩნევა, თუ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის დანიშვნისას პარტნიორებმა იცოდნენ, რომ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ახორციელებდა აღნიშნულ საქმიანობას, მაგრამ მისთვის ამ საქმიანობის შეწყვეტა არ მოუთხოვიათ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/54.md
