---
title: "მუხლი 73. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაცია — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/73"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "73"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაცია — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 73 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/73

1. შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადება მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შერწყმის/გაყოფის გეგმის გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ამ ვადის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს შესაბამისი უფლების გამოყენებაზე. კრედიტორთა უფლებები განისაზღვრება ამ კანონის 74-ე მუხლით.

2. შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შერწყმის/გაყოფის გეგმა;
ბ) შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებები ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წესდება;
გ) საერთო კრების გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა შერწყმის/გაყოფის გეგმა, აგრეთვე საერთო კრების ოქმი (არსებობის შემთხვევაში);
დ) არსებობის შემთხვევაში − გადაწყვეტილება ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ;
ე) არსებობის შემთხვევაში − დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში;
ვ) არსებობის შემთხვევაში − შერწყმის/გაყოფის ანგარიში;
ზ) სახელმწიფო დაწესებულების ან სხვა კომპეტენტური ორგანოს თანხმობა შერწყმაზე/გაყოფაზე, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

3. თუ შერწყმა/გაყოფა იწვევს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებას, შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ყველა სხვა დოკუმენტი და მონაცემი, რომლებიც საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისთვის.

4. შერწყმა/გაყოფა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაციის შემდეგ შერწყმის/გაყოფის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება დაუშვებელია.

5. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაციასთან ერთად მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების ან დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება.

6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/74.md
